ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტის სიტყვებმა ლევანდოვსკის ბარსაში გადასვლის თაობაზე ეჭვები გაუჩინა

ლა ლიგის პრეზიდენტის სიტყვებმა ლევანდოვსკის ბარსაში გადასვლის თაობაზე ეჭვები გაუჩინა
თარიღი 10 Jun 2022, 17:24

ლა ლიგის პრეზიდენტის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დააეჭვა იმაში, რომ "ბარსელონაში" გადასვლა უღირს.

ცოტა ხნის წინ, ხავიერ ტებასმა განაცხადა: "ამჟამად "ბარსას" ლევანდოვსკის შეძენა არ შეუძლია. ჯერ ფეხბურთელები უნდა გაყიდოს".

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ტებასის ამ კომენტარის შემდეგ, პოლონელ სუპერვარსკვლავსა და მის აგენტს, პინი ზაჰავის კატალონიურ გრანდში გადასვლის აუცილებლობაში ეჭვი შეეპარათ. ფეხბურთელის გარემოცვა საგონებელში ჩავარდა.

შედეგად, ზაჰავიმ "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას დაურეკა, რათა ლა ლიგის ხელმძღვანელის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები დაესვა და ახსნა-განმარტება მიეღო.

"ბარსას" პრეზიდენტს 33 წლის სუპერვარსკვლავის წარმომადგენელმა კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას დაურეკა. კატალონიელთა ბოსებმა ტებასის აღნიშნული განცხადების შესახებ არ იცოდნენ, რაც ლაპორტამ სწორედ ზაჰავისგან გაიგო. ჟოანმა აგენტი დაამშვიდა, მაგრამ ტებასზე ძალიან გაბრაზდა და მისი საქციელი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნია.

"ბარსელონამ" გააცნობიერა, რომ ლა ლიგის პრეზიდენტის კომენტარზე რეაგირება უნდა მოეხდინა. ამიტომაც, ლაპორტამ საკლუბო მედიას მწვავე კომენტარი მისცა და განაცხადა: "ეს მისი საქმე არ არის. "ბარსასთვის" ზიანის მიყენების სურვილია, თუ ეს სიტყვები გააზრებულად ითქვა, თუ არა, მაშინ ემოციები ვერ მოთოკა".