კულიბალის ხელში ჩაგდება 3 ტოპ კლუბს სურს, ნაპოლიმ საწყისი ფასი დაასახელა

რამდენიმე კლუბის მხრიდან არსებული ინტერესის ფონზე, "ნაპოლიმ" გუნდის მცველს, კალიდუ კულიბალის ახალი კონტრაქტი შესთავაზა.
30 წლის სენეგალელს ნეაპოლელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
როგორც Corriere dello Sport-ი წერს, "ნაპოლი" გამოცდილ უკანახაზელს 5-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 8 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობს. ამჟამად იგი წლიურად 6 მილიონს გამოიმუშავებს.
კულიბალიზე ინფორმაცია "პსჟ"-მ და "ჩელსიმ" მოითხოვეს, მაგრამ მისდამი ყველაზე კონკრეტულ ინტერესს "ბარსელონა" იჩენს. "ნაპოლი" მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს. კალიდუს მომავალი შესაძლოა უახლოეს დღეებში გადაწყდეს.
გასულ სეზონში ნეაპოლელთა ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.