"ეს აკადემიის ეფექტურობაზე მიუთითებს", - გვარდიოლამ ბარსელონადან 3 ფეხბურთელი გამოარჩია

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.
"გავი ფანტასტიკური მოთამაშეა, როგორც ანსუ ფატი და პედრი. ასეთი ფეხბურთელების გამოჩენა "ბარსელონას" აკადემიის ეფექტურობაზე მიუთითებს", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mirror-ი.
მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდი გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
აქამდე არსებული ცნობით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 17 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
გასულ სეზონში გავიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველ გუნდში 47 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.