დე იონგი ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა კატალონიურ გრანდში "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"შესანიშნავი ფეხბურთელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. "ბარსელონაში" მისი მომავალი თავად მასზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩემს გუნდში ლევანდოვსკის ყოფნას ვისურვებდი", - ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გარდა "ლურჯ-ბროწეულისფრებისა", 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავისადმი ინტერესს "პარი სენ ჟერმენი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენენ.
შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ 30 მაისს განაცხადა, რომ "ბაიერნში" მისი ერა დასრულდა და მიუნხენის დატოვება უნდა.
გასულ სეზონში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა. მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება.