ჩუამენი: "მბაპემ მკითხა, გადავიდოდი თუ არა პსჟ-ში, მაგრამ ვუპასუხე, რომ მხოლოდ რეალში მინდოდა თამაში"
"რეალის" ახალწვეულმა, ორელიენ ჩუამენიმ მადრიდულ გრანდში გადასვლის შემდეგ "პსჟ"-სთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "რეალის" ფეხბურთელი გავხდი. მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. თავდაუზოგავად ვიმუშავებთ იმისათვის, რათა ტიტულების მოგება და ამ კლუბის ისტორიის წერა გავაგრძელოთ".
– "პსჟ" შენზე დიდ ზეწოლას ახდენდა?
"როცა "რეალისგან" მომივიდა წინადადება, ეჭვი აღარ შემპარვია. მინდა, ფეხბურთის ისტორიაში კვალი დავტოვო და "რეალი" ამისათვის საუკეთესო კლუბია. ეს ტრანსფერი ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა".
– ცდილობდა მბაპე შენს დარწმუნებას "პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე?
"კილიანმა "პსჟ"-ში დარჩენა გადაწყვიტა. "მონაკოდან" წასვლას ვაპირებდი, რის შესახებაც უკვე იცოდა და უნდოდა გაეგო, გადავიდოდი თუ არა "პსჟ"-ში. მაგრამ ვუთხარი, რომ მხოლოდ "რეალში" მსურდა თამაში. მშვენივრად გამიგო".
"როგორც კი "რეალმა" წინადადებით მომმართა, აგენტს ტრანსფერის დახურვა ვთხოვე. სხვა კლუბებთანაც იყო მოლაპარაკებები, მაგრამ ჩემთვის მთავარი ვარიანტი "რეალი" გახლდათ", - თქვა 22 წლის ფრანგმა პრეზენტაციაზე.