ბაიერნმა ბარსელონას ლევანდოვსკის საბოლოო ფასი შეუთვალა და ერთი პირობაც წაუყენა
ცნობილი გახდა, თუ რა თანხის მიღება სურს "ბაიერნის" ხელმძღვანელობას თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა რამონ სალმურიმ Catalunya Radio-ზე გასულ პროგრამა Tot costa-ს მიმდინარეობისას გაავრცელა.
ასე და ამგვარად, მიუნხენური გრანდი 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავში 50 მილიონ ევროს ითხოვს - ერთიანად, ყოველგვარი განაწილების გარეშე.
როგორც აქამდე დაიწერა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "რეკორდმაისტერის" ბოსებს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 32 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
გასულ სეზონში რობერტმა, რომელსაც "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და გუნდიდან წასვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.