ჩუამენიმ გაამხილა, თუ რა მისწერა თავის აგენტს, როცა რეალი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და სიტის უპირისპირდებოდა
"რეალის" ახალწვეულმა, ორელიენ ჩუამენიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ უჭერდა მადრიდულ გრანდს მხარს ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს.
"როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმართებოდა, "რეალთან" მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებდით. როდესაც "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებს თვალყურს ვადევნებდი, აგენტს შეტყობინება გავუგზავნე, სადაც ეწერა: "გთხოვ, ყველაფერი გააკეთე, რაც შეგიძლია, რათა იქ აღმოვჩნდე".
"ანჩელოტის ვესაუბრე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ძალიან სასიამოვნო იყო. მითხრა, "რეალში" უნდა გადმოხვიდეო, თუ განვითარებისა და სწავლის გაგრძელება გინდაო. როცა ყველაფერი გავაფორმეთ, თქვა, რომ ძალიან გახარებული დარჩა", - ციტირებს Marca მადრიდელთა ახალწვეულის სიტყვებს.
მოგეხსენებათ, "რეალმა" 22 წლის ფრანგი ჩამშლელი ნახევარმცველი ამ ზაფხულს "მონაკოდან" დაიმატა და მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 100 მილიონი ევრო დაუჯდა, საიდანაც 20 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
ჩუამენიმ გასულ სეზონში "მონაკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.