ავტორიზაცია

სანესა და ლევანდოვსკის დაძაბული ურთიერთობა აქვთ — რა აღიზიანებს გერმანელ გარემარბს?

სანესა და ლევანდოვსკის დაძაბული ურთიერთობა აქვთ — რა აღიზიანებს გერმანელ გარემარბს?
თარიღი 14 Jun 2022, 17:32

"ბაიერნის" გარემარბს, ლეროი სანეს გუნდის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

როგორც Sport1.de მიუნხენურ გრანდთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანე იმ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთია, რომელიც პოლონელი სუპერვარსკვლავის ეგოისტურმა საქციელმა ყველაზე მეტად გააღიზიანა, რაც განსაკუთრებით გასული სეზონის მეორე ნახევარში გამოიხატა.

ლეროისა და რობერტს მოედანზეც ვერ ჩამოუყალიბდათ ძლიერი კავშირი. ლევანდოვსკი გერმანელთან იშვიათად ურთიერთქმედებდა, ვარჯიშებზეც და მატჩების დროსაც. ფორვარდი გარემარბით უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მომავალ სეზონში სანე იმ თამაშს აჩვენებს, რასაც მისგან ელიან და კლუბის ნდობას გაამართლებს.

იმ მიზეზებს შორის, რომელთა გამოც "რეკორდმაისტერს" "ლივერპულიდან" სადიო მანეს დამატება უნდა, არა მხოლოდ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლა და სერჟ გნაბრის კონტრაქტთან დაკავშირებული გაურკვევლობაა, არამედ სანეს თამაშით კლუბის ბოსების უკმაყოფილებაც.

26 წლის გარემარბის გაყიდვის ვარიანტი არ განიხილება, მიუნხენში მისი სჯერათ - განსაკუთრებით გასულ შემოდგომაზე მისი სანახაობრივი ასპარეზობის შემდეგ. ხელმძღვანელობაში იმედოვნებენ, რომ ლეროი მანეს გვერდით კომფორტულად იგრძნობს თავს.

აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის იულიან ნაგელსმანთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. როგორც ფორვარდმა მთავარ მწვრთნელს უთხრა, "ბაიერნი" მისი ტაქტიკის გამო თამაშობს ცუდად.

გასულ სეზონში სანემ ყველა ტურნირზე ერთად "რეკორდმაისტერის" ღირსება 45 მატჩში დაიცვა, 14 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი გააკეთა.