ხავი დარწმუნებულია, რომ ლევანდოვსკი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება — AS
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხავი "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის კატალონიურ გრანდში გადასვლაში დარწმუნებულია.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელს სჯერა, რომ კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა პირობას შეასრულებს, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს დაიმატებს და 11 ივლისს უკვე გუნდში ეყოლება.
ნაკრებში წასული "ბარსელონას" ფეხბურთელები წინასასეზონო მზადებს 11 ივლისს დაიწყებენ. თუ იქამდე ლევანდოვსკის შეძენა მოხერხდა, მაშინ იმ დროისთვის კატალონიელთა რიგებში იქნება. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა "ბლაუგრანა" ტრანსფერის დახურვას - "რეკორდმაისტერთან" მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.
11 ივლისს "ბარსას" "ჩელსის" ექს-მცველი, ანდრეას კრისტენსენი შეუერთდება - მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. კატალონიურ გრანდში კიდევ ერთი ახალწვეული, "მილანის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, ფრანკ კესიე უფრო ადრე, 4 ივლისს ჩაირიცხება.
ხავის სურს, რომ შეკრებამდე "ბარსელონას" შემადგენლობა მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იმასთან, რაც მომავალ სეზონში ეყოლება. სავარაუდოდ, "ბარსას" ამ ზაფხულს კიდევ 1-2 ტრანსფერს გაჩარხავს.