რონალდუ ტენ ჰაგის სტილში არ ჯდება — კრიშტიანუს დამატების სურვილს ორი კლუბი გამოთქვამს
არ არის გამორიცხული, "მანჩესტერ იუნაიტედის" სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ამ ზაფხულს სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, 37 წლის თავდამსხმელი "ეშმაკუნების" ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სტილის შესაფერისი არ არის.
იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ "ემიუს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ, პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტისთვის ახალი კლუბის ძიებითაა დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუსადმი ინტერესს "რომა" იჩენს. ჟოზე მოურინიოსთან ერთად გატარებული ერთი წლის შემდეგ, რომაულ კლუბში მიაჩნიათ, რომ კრიშტიანუს ტრანსფერი ბრენდის განვითარებასა და მისი ცნობადობის გაზრდას ხელს შეუწყობს.
რონალდუსთვის მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა იტალიაში არსებულმა საგადასახადო რეჟიმმა ითამაშოს - სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ბევრად ხელსაყრელია. მენდეშს "რომასთან" ძლიერი კავშირები აქვს - "მგლების" რიგებში ჟოზე მოურინიო, რუი პატრისიუ და სერჟიუ ოლივეირა სწორედ მან მიიყვანა. სპორტულ მენეჯმენტს კი ტიაგუ პინტუ უდგას სათავეში, ვისთანაც მენდეშს "ბენფიკადან" მოყოლებული კარგი ურთიერთობა აკავშირებს.
თუმცა, არსებობს დაბრკოლებებიც. პირველ რიგში, "მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანუ წლიურად 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით, რომაელებს კი ამხელა თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ. ამასთანავე, ამჟამად კლუბს ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მეორეც, "ემიუს" მსგავსად, მომდევნო სეზონში "რომაც" ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ეს ტურნირი კი რონალდუსთვის მიმზიდველი არ არის.
პორტუგალიელისთვის კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი ლისაბონის "სპორტინგში" დაბრუნებაა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვს.
გასულ სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად მანიკუნიანელთა ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.