ავტორიზაცია

ფინანსური საკითხები მოგვარდა — ბარსა ამ ზაფხულს დე იონგის გაყიდვას და 3 ტოპ ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს

ფინანსური საკითხები მოგვარდა — ბარსა ამ ზაფხულს დე იონგის გაყიდვას და 3 ტოპ ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს
თარიღი 17 ივნ 2022, 20:44

"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ სამი ახალი ფეხბურთელის დამატება სურს.

სპორტული დეპარტამენტი გუშინ მიღწეული ეკონომიკური შეთანხმების გააქტიურებას ელის, რათა ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყოს.

კლუბის წევრებმა გუშინ ორი ოპერაცია დაამტკიცეს. პირველი, "ბარსას" დირექტორთა საბჭომ კომპანია Barça Licensing & Merchandising-ის 49,9%-ის გაყიდვის ნებართვა მიიღო. კლუბის შეფასებით, ამ გარიგებით მინიმუმ 200 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთანავე, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" აქციების უკან გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

მეორე, კლუბს უახლოესი 25 წლის მანძილზე სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაზე მწვანე აუნთეს. ყოველ 10%-ზე "ბარსა" 200 მილიონს მოითხოვს.

როგორც Cope-ს ჟურნალისტი, ელენა კონდისი წერს, ამ შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, სატრანსფერო ბაზარზე "ბარსას" პრიორიტეტები "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი, "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა და "სევილიას" მცველი, ჟიულ კუნდე იქნებიან.

"ბლაუგრანას" ლევანდოვსკის წარდგენა 15 ივლისამდე სურს. სილვას თაობაზე კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, "ბარსელონას" პოზიცია არ შეუცვლია და კვლავ აპირებს ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გაყიდვას.