ბენზემას მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია — იყიდის თუ არა რეალი ამ ზაფხულს ახალ ფორვარდს?
"რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერს, კარიმ ბენზემას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ახალი თავდამსხმელის შეძენას არ ჩქარობს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდელთა პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი 34 წლის ფრანგს ხელშეუხებელ ფეხბურთელად თვლიან.
ბენზემას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, თუმცა "ბლანკოსის" ბოსები დარწმუნებულები არიან, რომ კარიმი გუნდში კიდევ მინიმუმ ორ სეზონს გაატარებს. ძალიან მალე, გამოცდილ ფორვარდს 2024 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ეს ყველაფერი სარეზერვო თავდამსხმელის ძიების საჭიროებას ამცირებს. "რეალი" არ ჩქარობს. თუ ახლო მომავალში ფორვარდის დამატების შესაძლებლობა არ გამოჩნდება, მაშინ ამ ზაფხულს ტრანსფერი არ იქნება. ანჩელოტიმ ამის შესახებ იცის.
მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მადრიდელები მომავალზე მაინც ზრუნავენ და ახალ თავდამსხმელს ეძებენ.
ამჟამად "რეალის" პრიორიტეტი რამდენიმე ფეხბურთელის მომავალზე გადაწყვეტილების მიღებაა. კლუბს ჯერ შემადგენლობის შემსუბუქება უნდა და ამის შემდეგ დაფიქრდება ახალწვეულებზე.
გასულ სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე ერთად "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა და 15 ასისტი გააკეთა.