ავტორიზაცია

ბერნარდუ სილვა ინგლისიდან აბარგებას გეგმავს და მანჩესტერ სიტის ბოსებს სასურველი გუნდიც დაუსახელა

ბერნარდუ სილვა ინგლისიდან აბარგებას გეგმავს და მანჩესტერ სიტის ბოსებს სასურველი გუნდიც დაუსახელა
თარიღი 17 ივნ 2022, 21:11

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა "ბარსელონაში" გადასვლით არის დაინტერესებული.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo წერს, პორტუგალიელ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში გადასვლის ვარიანტი იზიდავს. მან იცის, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" მთავარი მწვრთნელი, ხავი ფრენკი დე იონგის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც გაყიდვას უპირებენ.

ბერნარდუ საკუთარ მომავალზე დაფიქრდა. 27 წლის ნახევარმცველი მზადაა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, თუ კარგ წინადადებას მიიღებს, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ "სიტის" ბოსებს უკვე აცნობა.

სილვას გარემოცვამ "ქალაქელთა" ხელმძღვანელობას "ბარსასთან" მოლაპარაკებების ნება დართო, თუ კატალონიელები შეთავაზებას გააკეთებენ, რაც ჯერ არ მომხდარა.

აღინიშნება, რომ ბერნარდუსა და "სიტის" შორის არანაირ პრობლემას არ აქვს ადგილი. უბრალოდ ფეხბურთელმა ინგლისის დატოვება გადაწყვიტა. ამაზე ფიქრი მან ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას დაიწყო.

პორტუგალიელის წასვლის წინააღმდეგია გუნდის დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა. "სიტიმ" შეიძლება 80+20 მილიონი ევრო მოითხოვოს - იმდენი, რამდენის მიღებაც "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ უნდა. არსებული ცნობით, ფრენკის ამჟამად ბერნარდუზე ბევრად მაღალი ხელფასი აქვს.

გასულ სეზონში სილვამ ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" ღირსება 50 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.