ავტორიზაცია

ჩელსის ხელმძღვანელობამ დემბელესა და სტერლინგს შორის არჩევანი გააკეთა

ჩელსის ხელმძღვანელობამ დემბელესა და სტერლინგს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 20 ივნ 2022, 10:59

"ჩელსის" "ბარსელონას" გარემარბის, უსმან დემბელეს შეძენის საჭიროებაში ეჭვი ეპარება, წერენ ბრიტანულ მედიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატებს" ფრანგი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა აწუხებთ, რის გამოც "მანჩესტერ სიტის" შემტევს, რაჰიმ სტერლინგს ანიჭებენ უპირატესობას.

მიუხედავად ამისა, ლონდონელები დემბელეზე საბოლოო უარს არ აცხადებენ, მით უმეტეს, დიდი ალბათობით, ამ თვის ბოლოს 25 წლის გარემარბი თავისუფალი აგენტი გახდება.

როგორც აქამდე დაიწერა, სტერლინგის ტრანსფერი იმაზეც არის დამოკიდებული, წავა თუ არა "ჩელსიდან" ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ინგლისელს "ქალაქელებთან" კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში დემბელემ "ბარსას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი პასი გააკეთა, ხოლო სტერლინგმა "სიტის" ღირსება 47 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქის კარი 17-ჯერ აიღო და 9 ასისტიც მიითვალა.