"სხვაგან თამაში ნამდვილად გამიჭირდებოდა", - რა მოსწონს პედრის ბარსელონას სტილში?

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, პედრიმ კატალონიური გრანდის სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.
"ნებისმიერ კლუბში ჩემი ფეხბურთის თამაშს ვეცდებოდი, მაგრამ სხვაგან ნამდვილად უფრო გამიჭირდებოდა", - ციტირებს 19 წლის ესპანელის სიტყვებს The Guardian-ი.
"ზოგიერთი კლუბი გამარჯვებით კმაყოფილდება და მათთვის სულერთია, როგორ აკეთებენ ამას. "ბარსელონას" მოგება უნდა, მაგრამ ბურთის ფლობითა და მომენტების შექმნით, საკუთარი იდეებით. ასეთი ფეხბურთი უფრო მომწონს".
"ხავის ძალიან მკაფიო იდეა და მოდელი აქვს. ნათლად გვიჩვენებს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა. ცდილობს მიგვაჩვიოს იმას, რასაც თავად აკეთებდა, როცა ასპარეზობდა, მისი თამაშისთვის თვალყურის მიდევნება კი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო", - დასძინა "ბარსას" ნახევარმცველმა.
2021/22 წლების სეზონში პედრიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.