"არაფერი შეცვლილა, ლევანდოვსკის ბარსელონაში გადასვლა უნდა", - გავლენიანი გერმანელი ჟურნალისტი
"ბაიერნი" ცდილობს გუნდის თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დარჩენაში დაარწმუნოს, მაგრამ ამ უკანასკნელს "ბარსელონაში" უნდა გადასვლა.
მიუნხენური გრანდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩია დაკავებული ამ საკითხით. ოთხშაბათს, მენეჯერი 33 წლის პოლონელსა და მის აგენტს კუნძულ მალიორკაზე შეხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ლევანდოვსკის მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნის" დატოვება და "ბარსაში" გადაბარგება სურს. თუმცა, მიუნხენელები სხვა აზრზე არიან.
"კარგი, შინაარსიანი საუბარი იყო. მაგრამ არაფერი შეცვლილა: ლევანდოვსკის "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" გადასვლა უნდა", - აცხადებს Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.
"ბარსელონა" შეთავაზების გაზრდას გეგმავს. "ბაიერნზე" ზეწოლის მოხდენა სურს, თუმცა მიუნხენელებს მისი შენარჩუნება უნდათ და გაშვებას არ უპირებენ", - თქვა პლეტენბერგმა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, "ბარსამ" რობერტის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 32 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ახალი ინფორმაციით, კატალონიური გრანდი მზადაა 50 მილიონი გადაიხადოს.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 50 მატჩში დაიცვა და 46 გოლი გაიტანა.