"12 ივლისს ჩვენს ბაზაზე ველოდები", - ბაიერნის დირექტორის მორიგი განცხადება ლევანდოვსკის მომავალზე

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ გუნდის შეკრებაზე თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გამოცხადებას ელოდება.
– "ბაიერნმა" სადიო მანეს შეძენით უზრუნველყო თავისი მომავალი რობერტ ლევანდოვსკის გარეშე?
"მივხვდი, რასაც მეკითხებით, მაგრამ ჩვენი პოზიცია ნათელია. რობერტის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი".
– შეინარჩუნებს "ბაიერნი" თავის მტკიცე პოზიციას, თუ "ბარსელონა" 50 მილიონ ევროს შემოგთავაზებთ?
"ამაზე არ ვფიქრობ. რობერტს 12 ივლისს ჩვენს ბაზაზე ველოდები", - ციტირებს მიუნხენური გრანდის ფუნქციონერის სიტყვებს Bayern & Germany.
დაახლოებით ერთი თვის წინ, "ბარსამ" "რეკორდმაისტერს" 33 წლის პოლონელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ დაიწერა, რომ კატალონიელები მზად არიან 50 მილიონი გადაიხადონ.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.