ავტორიზაცია

ჩალჰანოღლუ: "იბრაჰიმოვიჩს მილანის ჩემპიონობაში წვლილი არ მიუძღვის, პრაქტიკულად არ უთამაშია"

ჩალჰანოღლუ: "იბრაჰიმოვიჩს მილანის ჩემპიონობაში წვლილი არ მიუძღვის, პრაქტიკულად არ უთამაშია"
თარიღი 23 ივნ 2022, 00:58

"ინტერის" ნახევარმცველმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ "მილანის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ მკვეთრად ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი "როსონერი" გახდა.

საჩემპიონო ზეიმის მიმდინარეობისას, შვედმა სუპერვარსკვლავმა თურქი ფეხბურთელი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რომელიც გასულ ზაფხულს "მილანიდან" "ნერაძურიში" გადავიდა.

"40 წლის არის და არა 18-ის. მის ასაკში ასეთ რაღაცებს არ გავაკეთებდი. უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს", - ციტირებს ჩალჰანოღლუს სიტყვებს Fanatik-ი.

"სკუდეტოს მოგებაში წვლილი არ მიუძღვის. პრაქტიკულად არ უთამაშია, მაგრამ მაინც ყველაფერს აკეთებს, რათა ყურადღების ცენტრში იყოს".

"ულამაზოა იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ჩემთვის დაურეკავს, სადილზე და მოტოციკლით სასეირნოდ დავუპატიჟებივარ, როცა "მილანში" ვიყავი".

"თავის წიგნში ჩემს შესახებ დაწერა. რაღაც უნდა დაეწერა, თორემ ცარიელი ფურცლები დარჩებოდა. ამაზე შეწუხება არ ღირს, სიმართლე გითხრათ", - დასძინა თურქმა ნახევარმცველმა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა სერია ა-ში "მილანის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.