ლუკაკუ ატირდა, როცა უთხრეს, რომ მისი იჯარა ინტერში შეთანხმებულია
რომელუ ლუკაკუმ „ინტერში" დაბრუნება ძალიან ემოციურად აღიქვა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როცა სამშაბათს, იურისტმა სებასტიან ლედურმა ფორვარდს უთხრა, რომ მისი იჯარა „ინტერში" შეთანხმებულია, ბელგიელმა სიხარულისგან ცრემლები ვერ შეიკავა.
იწერება, რომ ეს იურისტი მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა, რადგან „ჩელსის" ხელმძღვანელობაში ამჟამად ცვლილებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, „ინტერში" დაბრუნებისთვის ლუკაკუმ ხელფასის 30%-ით შემცირებაზე განაცხადა თანხმობა, აქამდე მისი ხელფასი წლიურად 12 მილიონი ევრო იყო, მილანურ გუნდში კი 8 მილიონი იქნება.
ბელგიელი „ნერაძურიში' 2019-2021 წლებში თამაშობდა, „ჩელსიში" კი გასულ ზაფხულს 115 მილიონ ევროდ გადავიდა და 44 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო.