"ბაიერნი ცოტა დაიბნა, როცა აგენტმა რონალდუს დამატება შესთავაზა", - პორტუგალიელი ჟურნალისტი
პორტუგალიელმა ჟურნალისტმა, პედრუ სეპულვედამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა რეაქცია ჰქონდა "ბაიერნს", როცა კრიშტიანუ რონალდუს შეძენა შესთავაზეს.
"კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილოა იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს. ამ ტურნირით ბოლომდე შეპყრობილია და რთულად ეგუება რეალობას".
"თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს სხვა ვარიანტების თაობაზე ესაუბრა. ამ უკანასკნელმა კი თქვა, რომ დაუკავშირდება იმ კლუბებს, რომელთა მიზანიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რათა გაიგოს, რეალური იქნება თუ არა ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლა".
"ინგლისური კლუბები შეგვიძლია დავივიწყოთ, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რონალდუ ინგლისის სხვა კლუბში არ ითამაშებს. ამასთანავე, "პსჟ"-ს ახალი პროექტის შესაფერისი არ არის".
"რჩება "ბაიერნის" ვარიანტი. მათი მხრიდან ინტერესი არ ყოფილა, მაგრამ მენდეში მათთან მივიდა და იკითხა: "რას ფიქრობთ მომავალი სეზონისთვის რონალდუს დამატებაზე?" "ბაიერნი" მენდეშის წინადადებამ ცოტა დააბნია, რადგან კრიშტიანუ არ არის იმ სტილის ფეხბურთელი, რომელსაც, როგორც წესი, მიუნხენელები იმატებენ".
"როცა აგენტი რონალდუს გთავაზობს, მხოლოდ იმას უნდა შეხედოთ, რას აკეთებს მოედანზე და არა მის ასაკს. 25 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს და ამხელა ხელფასის გადახდა ყველა კლუბს არ შეუძლია. მენდეშმა "ბაიერნს" ჰკითხა, თუ რას ფიქრობს ამაზე", - აღნიშნა სეპულვედამ.