შეთანხმება მიღწეულია, დეტალები ცნობილი — ლუკაკუ კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს
"ინტერმა" და "ჩელსიმ" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ერთწლიანი იჯარის პირობებზე კომპრომისს მიაღწიეს, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს, გარიგება კი მომდევნო კვირაში დაიხურება. "ნერაძურის" 29 წლის ბელგიელის შესყიდვის უფლება არ ექნება.
მოგეხსენებათ, ლუკაკუ 2019 წლიდან 2021 წლამდე სწორედ "ინტერში" თამაშობდა, მილანური გრანდის მაისურით მან 95 მატჩი ჩაატარა, 64 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი პასი გააკეთა.
"არისტოკრატებმა" რომელუ ერთი წლის წინ 113 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.
გასულ სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო და ორი ასისტიც მიითვალა. მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლამდეა გათვლილი.