ავტორიზაცია

როდრიგო: "ვკვდებოდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ისე მინდოდა, ანჩელოტის ვეჩხუბე კიდეც"

როდრიგო: "ვკვდებოდი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ისე მინდოდა, ანჩელოტის ვეჩხუბე კიდეც"
თარიღი 25 ივნ 2022, 18:22

"რეალის" გარემარბმა, როდრიგო გოესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მიმდინარეობისას გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან კამათის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში "ბლანკოსმა" "ლივერპული" (1:0) დაამარცხა.

"ჩემთვის რთული მატჩი იყო იმ ყველაფრის გამო, რაც ნახევარფინალში გავაკეთე, ვკვდებოდი, ისე მინდოდა მოედანზე გასვლა. დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი ხანი რომ მეთამაშა, გოლს გავიტანდი. ასეთი შეგრძნება მქონდა".

"მინდორზე შესვლის სურვილისგან ვკვდებოდი, მატჩის მიწურულს ანჩელოტის ჩხუბიც კი დავუწყე: "უნდა ვითამაშო, უნდა ვითამაშო". მითხრა: "დამშვიდდი, შეგიშვებ".

"ზუსტად არ მახსოვს, რომელი წუთი იყო, მაგრამ პრაქტიკულად მატჩის მიწურული გახლდათ. ანჩელოტის ვუთხარი: "პროფესორო, ვითამაშებ?" მიპასუხა: "წყნარად, თავი უნდა დავიცვათ" - რადგან ანგარიში 1:0 იყო და უფრო ჩაკეტილი თამაში უნდოდა. შემდეგ ვუთხარი: "ჯანდაბა, მოხუცო, აქ ჩემი დამსახურებით ვართ. უნდა ვითამაშო". მითხრა: "არა, დამშვიდდი, ითამაშებ".

"შემდეგ მოედანზე რამდენიმე წუთით შემიშვა. მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ ტიტულს აქვს და რა თქმა უნდა, ისტორია ნახევარფინალში დაიწერა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ", - ციტირებს როდრიგოს სიტყვებს Bola da Vez-ი.