ბარსა და მანჩესტერი შეთანხმდნენ, მაგრამ დე იონგი უარზეა — რა შემთხვევაში დათანხმდება ჰოლანდიელი ტრანსფერს?
"ბარსელონას" ცენტრალურ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს პოზიცია არ შეუცვლია და კატალონიური გრანდიდან წასვლა კვლავ არ უნდა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი წერს, 25 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას არ დათანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები 80 მილიონ ევროიან ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ფრენკის "ბლაუგრანაში" წარმატებული კარიერის მოწყობა სურს.
ჰოლანდიელმა აზრი შეიძლება იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა და "ეშმაკუნების" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი დამაჯერებელ არგუმენტებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, დე იონგი ტრანსფერს "ბარსას" დასახმარებლად დათანხმდეს, რომელიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია.
მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ფრენკი 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" 86 მილიონ ევროდ იყიდა.
გასულ სეზონში დე იონგმა კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.