ავტორიზაცია

საგა მალე დასრულდება — ბარსელონას ხელმძღვანელობამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა

საგა მალე დასრულდება — ბარსელონას ხელმძღვანელობამ დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 27 ივნ 2022, 15:40

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელს, უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა.

25 წლის ფრანგს, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

"ბლაუგრანას" სურს, რომ დემბელემ საბოლოო გადაწყვეტილება 30 ივნისამდე მიიღოს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

გარემარბი შვებულებიდან ამ კვირაში ბრუნდება. კვლავ აცხადებს, რომ "ბარსაში" დარჩენა უნდა, მაგრამ მხოლოდ გაუმჯობესებულ შეთავაზებას დათანხმდება. თავის მხრივ, კლუბი ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.

მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა ხავიმ შეასრულოს. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ დემბელეს დარჩენა ყველა მხარისთვის უკეთესი იქნება. ესპანელ სპეციალისტს უსმანის ძალიან სჯერა და მისი აზრით, მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. ამავდროულად, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, "ბარსას" ახალი გარემარბის ყიდვა აღარ მოუწევს და მთლიანად "სევილიას" ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს ტრანსფერზე გადაერთვება.

შესაძლოა, ხავიმ "ბარსას" ბოსებს დემბელეს შესანარჩუნებლად ძალისხმევის გაღება სთხოვოს. მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი უკან დაიხევს და ხელფასს შეიმცირებს, თანაც მაგიდაზე ბევრად უკეთესი წინადადებები ნამდვილად არ უდევს. "ბარსელონაში" დასარჩენად უსმანს მხოლოდ ხელმოწერის ბონუსზე უარის თქმა მოუწევს, რომელსაც მას სხვა კლუბები სთავაზობენ.

"ბლაუგრანას" სპორტული მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭოც დემბელეს მომავალთან დაკავშირებული საკითხის მოგვარებას კვირის დასაწყისში ელიან.

თუ უსმანი ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მაშინ კლუბი "ლიდსის" გარემარბის, რაფინიას ან ანხელ დი მარიას გადაბირებას ეცდება, რომელმაც ამ ზაფხულს "პსჟ"-ს რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა დემბელესა და მისი აგენტის, მუსა სისოკოს საქციელით ძალიან უკმაყოფილოა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 30 ივნისი მოახლოვდა და მათ მომავალთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ. თუ რამდენიმე დღეში ფრანგთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, "ბლაუგრანას" ურჩევნია პირველმა თქვას მასზე უარი და წინადადება უკან წაიღოს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.