ავტორიზაცია

რეალი ასენსიოსა და სებალოსს ყიდის — მადრიდულმა გრანდმა ორივე მათგანს ფასი დაადო

რეალი ასენსიოსა და სებალოსს ყიდის — მადრიდულმა გრანდმა ორივე მათგანს ფასი დაადო
თარიღი 27 ივნ 2022, 18:14

"რეალის" ხელმძღვანელობამ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა მარკო ასენსიო და დანი სებალოსი გაყიდოს, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი.

ასე და ამგვარად, მადრიდული გრანდი მზადაა ზემოთნახსენები ფეხბურთელების ტრანსფერზე წინადადებები განიხილოს - ორივე მათგანს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. არ არის გამორიცხული ისიც, რომ "ბლანკოსმა" მათ ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზოს. ამჟამად კლუბის სპორტული მენეჯმენტი არსებულ ვარიანტებს აფასებს, მოთამაშეები კი შეხვედრაზე მიწვევას ელიან, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 

"სამეფო კლუბს" ასენსიოსთვის და სებალოსისთვის ახალი კონტრაქტები ჯერ კიდევ არ გაუმზადებია, მაგრამ მათ ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ნამდვილად არ შესთავაზებს. ამან შესაძლოა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს, რადგან ორივე მათგანი ამჟამინდელი პირობების გაუმჯობესებას ელოდება.

მარკო და დანი კარიერის გაგრძელების ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ. მათი ყიდვით იტალიური კლუბები არიან დაინტერესებულნი - ასენსიოსადმი კონკრეტულ ინტერესს "მილანი" იჩენს. "რეალი" მზადაა 26 წლის მარკო 30-35 მილიონ ევროდ გაყიდოს, 25 წლის დანის სანაცვლოდ კი 12-15 მილიონს ითხოვს. სებალოსის შეძენის ყველაზე დიდ სურვილს "ბეტისი" გამოთქვამს, რომელსაც ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

ორივე მოთამაშე მეტ სათამაშო დროს ითხოვს და სურთ, რომ თავი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნონ.

გასულ სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა, ხოლო სებალოსმა მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ასისტით გამოირჩა.