ავტორიზაცია

AS: 2023 წლისთვის რეალმა მთავარი სამიზნე უკვე შეარჩია და დიდ ფულს იხდის, თუმცა სერიოზული კონკურენტები ჰყავს

AS: 2023 წლისთვის რეალმა მთავარი სამიზნე უკვე შეარჩია და დიდ ფულს იხდის, თუმცა სერიოზული კონკურენტები ჰყავს
თარიღი 27 ივნ 2022, 18:59

"რეალის" ხელმძღვანელობას მომავალ ზაფხულს "დორტმუნდის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ხელში ჩაგდება უნდა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მომავალ წელს მადრიდული გრანდი ბორუსიელებს ინგლისელ ფეხბურთელში, რომელსაც უახლოეს დღეებში 19 წელი უსრულდება, დაახლოებით 90 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაბირება პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურთ, კონკრეტულად კი "ლივერპულსა" და "ჩელსის", ამიტომაც დიდი ალბათობით, მისი ტრანსფერი კიდევ უფრო მეტი დაჯდება - შესაძლოა, თანხამ 100 მილიონს გადააჭარბოს. 

არაოფიციალურად 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "რეალის" მთავარ სამიზნედ ბელინგემს მოიაზრებენ. თუ მისი დამატება მოხერხდება, მადრიდელები ნახევარდაცვის განახლების გეგმას შეასრულებენ - ამ ზაფხულს კლუბმა ჩამშლელი, ორელიენ ჩუამენი შეიძინა, ერთი წლის წინ კი ედუარდო კამავინგა. ფედე ვალვერდესთან ერთად ეს ფეხბურთელები კაზემიროს, ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის ტრიოს სრულფასოვან შემცვლელებად მიიჩნევიან.

გავრცელებული ცნობით, ბელინგემის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი არ დევს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2025 წლამდეა გათვლილი, ამიტომაც ტრანსფერის გასაჩარხად "დორტმუნდთან" შეთანხმება აუცილებელია.

"რეალი" ამ ზაფხულს ჯუდის ხელში ჩაგდებას არანაირ შემთხვევაში არ ეცდება. კლუბში ფიქრობენ, რომ ნახევარდაცვის ხაზის გადაწყობის პროცესი ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსფერის მიმდინარე ზაფხულში გაჩარხვას ხელს კიდევ ერთი ფაქტი უშლის - "რეალის" განაცხადში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქე ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი სამივე ადგილი უკვე დაკავებულია. 

ამჟამად ეს სამი ადგილი ვინისიუსით, როდრიგოთი და ედერ მილიტაოთია შევსებული. პირველმა მათგანმა ორმაგი მოქალაქეობის მიღებაზე საჭირო დოკუმენტები უკვე შეიტანა და მალე ესპანურ პასპორტს აიღებს. ამის შემდეგ ამ საკითხით დაკავდებიან როდრიგო და ედერიც - მათი დოკუმენტები მზადაა.

გასულ სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.