ავტორიზაცია

ორივე თანახმაა — ჩელსი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობს

ორივე თანახმაა — ჩელსი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობს
თარიღი 28 ივნ 2022, 16:39

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ სიტიდან" ნათან აკესა და რაჰიმ სტერლინგის გადაბირებას გეგმავს.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა "ქალაქელებთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. "არისტოკრატთა" მფლობელი, ტოდ ბოელი კვირას მანჩესტერელთა წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა გაეგო, თუ რა თანხას ითხოვენ ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ.

ტომას ტუხელს ჯერ კიდევ "დორტმუნდში" მუშაობის პერიოდში ესიმპატიურებოდა ჰოლანდიის ნაკრების მცველი. გერმანელ სპეციალისტს აკეს უნივერსალურობა იზიდავს - მარცხენა მცველად, ცენტრალურ მცველად ("ჩელსიდან" წასული ანტონიო რუდიგერის შემცვლელად განიხილება) და ცენტრალურ ნახევარმცველად შეუძლია თამაში. ლონდონელთათვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ აკეს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.

სტერლინგიც და აკეც "ჩელსიში" გადასვლაზე თანახმანი არიან. ნათანმა ლონდონური კლუბის სიტემაში შვიდი წელიწადი გაატარა, გუნდში იგი 15 წლის ასაკში მივიდა.

"ჩელსი" "იუვენტუსსაც" ესაუბრა მატეის დე ლიგტის პოტენციურ ტრანსფერზე, მაგრამ იტალიური გრანდი დიდ ფულს ითხოვს, რაც მოლაპარაკებებში პროგრესს აფერხებს. გარდა ამისა, ლონდონელები "სევილიასთან" ჟიულ კუნდეს შესაძლო შეძენასაც განიხილავენ.

გარდა სტერლინგისა, "არისტოკრატები" "ლიდსის" გარემარბ რაფინიათი, "ევერტონის" ფორვარდ რიჩარლისონითა და "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეთიც ინტერესდებიან.

გასულ სეზონში 27 წლის აკემ "სიტის" ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა თანატოლმა სტერლინგმა "ქალაქელთა" მაისურით 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 17 გოლი და 8 ასისტი.