ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ამ ზაფხულს 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს — ESPN

მანჩესტერ იუნაიტედი ამ ზაფხულს 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს — ESPN
თარიღი 28 ივნ 2022, 17:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მზად არის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაერთ ფეხბურთელს შეელიოს.

ასე და ამგვარად, "ეშმაკუნებს" ნახევარმცველ ანდრეას პერეირას სანაცვლოდ, რომელიც "ფლამენგოში" იჯარით ირიცხებოდა, "ფულემი" 10 მილიონ ევროს სთავაზობს. მანიკუნიანელებმა ლონდონურ კლუბს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება მისცა, ეს უკანასკნელი კი მისი გეგმებით მოიხიბლა.

გარდა ამისა, "იუნაიტედი" გოლკიპერ დინ ჰენდერსონს ერთწლიანი იჯარით "ნოტინგემ ფორესტში" უშვებს, წერს გავლენიანი გამოცემა ESPN-ი.

"ემიუს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა პერეირას აცნობა, რომ წინასასეზონო შეკრებაზე მისი ხილვა სურს, მაგრამ ფეხბურთელს იმ გუნდში გადასვლა ურჩევნია, სადაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება. მისით "ფენერბაჰჩეც" ინტერესდება, მაგრამ თურქულ კლუბს ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია.

"იუნაიტედი" სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. ასე და ამგვარად, კლუბი მზადაა ერიკ ბაილი, აქსელ ტუანზებე, აარონ ვან ბისაკა, ალექს ტელეში და ანტონი მარსიალი გაასხვისოს. ჯერჯერობით, "ემიუს" არცერთ ამ ფეხბურთელზე არ მისვლია კონკრეტული წინადადება.