ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: "ვირია ის მწვრთნელი, ვინც ნეიმარს ფლანგზე ათამაშებს"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ "სელესაოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, ნეიმარი დაიცვა.
"პრობლემა კი არა, გამოსავალია. ზოგჯერ ამბობენ, რომ იქ (ცენტრში) ბევრ შეცდომას დაუშვებს. ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომ ამის თავიდან არიდება შეუძლებელია. გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის მაშინ, როცა შემოქმედებითად თამაშობს".
"იმ მწვრთნელს, ვინც ნეიმარს ფლანგზე აყენებს, ვირს ვეძახი. ეს ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელის კრეატიულობას მნიშვნელოვნად ზღუდავს. კრეატიულობა მუდმივი არ არის, ეს შემთხვევითობაა, გარემოებაა".
"დიახ, მეტ შეცდომას დაუშვებს, რადგან მისი შემოქმედებითი შესაძლებლობები და პოზიცია, სადაც თამაშობს, ამას ითხოვს", - ციტირებს 61 წლის სპეციალისტის სიტყვებს RMC Sport-ი.
მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარის დებიუტი 2010 წელს შედგა. ამ დროის განმავლობაში 30 წლის სუპერვარსკვლავმა 119 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 74 გოლი გაიტანა.