ჩელსი ცენტრალური მცველის ყიდვას გეგმავს — ლონდონში დე ლიგტსა და შკრინიარზე იაფი ვარიანტი შეარჩიეს
"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს.
ლონდონელები "ნაპოლის" უკანახაზელს, კალიდუ კულიბალის ვარიანტს მიუბრუნდნენ, რომელიც ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი ხდება.
31 წლის სენეგალელი "არისტოკრატების" სხვა სამიზნეებზე იაფი ღირს - მატეის დე ლიგტსა ("იუვენტუსი") და მილან შკრინიარზე ("ინტერი").
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, "ჩელსი" კულიბალის აგენტს უკვე დაუკავშირდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლი" გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.
გასულ სეზონში კულიბალიმ, რომელიც ნეაპოლელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.