კვარაცხელია: "ყაზანი ძალიან მიყვარს, მაგრამ ომის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ იქ ვერ დავრჩებოდი"
ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან ქვეყნის დატოვება უმალვე გადაწყვიტა.
ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინი“ უფასოდ დატოვა და „დინამო ბათუმში“ გადავიდა, შემდეგ კი მისი ტრანსფერი „ნაპოლიში“ ოფიციალურად დაიხურა.
სად იყავი 24 თებერვალს?
არ მახსოვს, მგონი რუსეთში.
როცა ომის შესახებ შეიტყვე, პირველი რა იფიქრე?
ამის შესახებ უკვე ყველამ იცოდა და ლაპარაკობდა. მამაჩემმა დამირეკა. რა თქმა უნდა, ცუდი რეაქცია მქონდა, იქ ხალხი კვდება - რაც ცუდია. ეს არავის არ მოსწონს.
შეშინებული იყავი იმ დღეს?
რა თქმა უნდა. მთელი ოჯახი შეშინებული იყო. ბევრს ვფიქრობდი, ხალხი კი ამბობდა: „ხვიჩა დიდი ხანია არ მიდის.“ სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი.
სლუცკი და საიმანოვი ამბობდნენ, რომ საქართველოში დიდი კრიტიკა წაგაწყდა. ისიც ითქვა, რომ მამაშენს მანქანა ჩაუმტვრიეს. ეს ყველაფერი როგორ გადაიტანე?
რა თქმა უნდა, ვღელავდი. ფეხბურთი - სპორტია, მაგრამ მგონია, რომ საიმანოვმა და სლუცკიმ გამიგეს. მათ პირველ რიგში ვუთხარი, რომ ყველაზე მეტად ოჯახი მაინტერესებს და ის ჩემთვის პირველ ადგილზეა. მიპასუხეს, რომ ისე მოვიქცე, როგორც ჩემთვის იქნება უკეთესი.
როდის მიხვდი, რომ რუსეთში დარჩენა არ შეიძლებოდა? იყო თუ არა გაურკვეველი ზარები, მესიჯები დირექტში?
ძალიან ბევრი რამ იყო. შეიძლება მწერდნენ კიდეც. მაგრამ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ იქ ვერ დავრჩებოდი.“
როდის მოხდა ეს? როდის მიხვდი?
თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა.
თავიდანვე?
დიახ, ორი მატჩი გვქონდა დარჩენილი და ვთქვი, რომ მათ ჩავამთავრებდი, გუნდს დავეხმარებოდი, იმიტომ რომ „რუბინმა“ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. ეს გუნდი და ყაზანი ძალიან მიყვარს. ვთქვი, რომ ამ ორ მატჩს ვითამაშებდი.
ეს მატჩები მარტში იყო, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა...
დიახ, ჩემ თავს ვუთხარი, რომ ეს ორი მატჩი უნდა ვითამაშო, იმიტომ რომ არ იქნებოდა ლამაზი, პირდაპირ მეთქვა წავედითქო და წავსულიყავი. ამ ბიჭებთან ორი წელი გავატარე და ასე ვერ მოვიქცეოდი.“ - აღნიშნა კვარაცხელიამ.