ახალი დეტალები — რიშარლისონისთვის ბრძოლაში ტოტენჰემს ინგლისური გრანდი ეცილებოდა
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, "ჩელსი" "ტოტენჰემისთვის" "ევერტონის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, რიშარლისონის წართმევას ცდილობდა.
"არისტოკრატებმა" ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე "კანფეტებთან" შეთანხმება სცადეს, თუმცა ვერ ან არ გააკეთეს ისეთი შეთავაზება, რომელიც ლივერპულელთათვის ისეთივე მიმზიდველი იქნებოდა, როგორიც "დეზების" წინადადება.
მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, 25 წლის სამხრეთამერიკელი სწორედ "ტოტენჰემში" გადავიდა. ლონდონური კლუბი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს გადაიხდის, საიდანაც 10 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
რიშარლისონმა "დეზებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2027 წლამდე დარჩება.
გასულ სეზონში "ევერტონის" ყოფილმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.