დემბელეს ბარსელონასთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა — რა ხდება ახლა?
"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილ თავდამსხმელს, უსმან დემბელეს დღეს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კატალონიელები 25 წლის ფრანგთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ, მაგრამ პირობების გაუმჯობესებას არ აპირებენ.
თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, "ბლაუგრანას" ლა ლიგაში დემბელეს დარეგისტრირება ახალწვეულის სახით მოუწევს, ლიგის წესებმა კი შესაძლოა მისი ეს პროცესი გაართულოს.
მოგეხსენებათ, უსმანი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2017 წლის აგვისტოში "დორტმუნდიდან" 140 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს.
გასულ სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.