ავტორიზაცია

საგა დასრულდა — ლივერპულში სალაჰის მომავალი ოფიციალურად გაირკვა

საგა დასრულდა — ლივერპულში სალაჰის მომავალი ოფიციალურად გაირკვა
თარიღი 01 ივლ 2022, 19:17

"ლივერპულის" პრესსამსახურმა გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც აღინიშნება, 30 წლის ეგვიპტელსა და მერსისაიდულ კლუბს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულების დეტალები მოგვიანებით გახმაურდება, თუმცა გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი წერს, რომ სალაჰი კლუბში 2025 წლამდე დარჩება.

აფრიკელი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 90 მილიონ ევროს შეადგენს. სადებიუტო სეზონშივე მომ პრემიერ ლიგაში 32 გოლი გაიტანა, რითაც ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა.

სალაჰს საერთო ჯამში მერსისაიდელთა მაისურით 254 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 156-ჯერ აიღო.

მოგეხსენებათ, აქამდე, "ლივერპულის" რიგები თავდამსხმელმა, სადიო მანემ დატოვა, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. როგორც იწერებოდა, არ იყო გამორიცხული "წითლების" რიგები სალაჰსაც დაეტოვებინა, მისი გადაბირების კანდიდატებად კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" მოიაზრებოდნენ.