რეინამ ლაციოსთან კონტრაქტის გაწყვეტა და ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნება გადაწყვიტა
"ლაციოს" გოლკიპერმა, პეპე რეინამ რომაულ კლუბთან 2023 წლის ივნისამდე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.
როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, 39 წლის ესპანელ კარის დარაჯს კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს.
გასულ სეზონში რეინამ ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდილ მეკარეს კარიერის მანძილზე ისეთი გუნდების ღირსება დაუცვია, როგორებიც "ასტონ ვილა", "მილანი", "ნაპოლი", "ბაიერნი", "ლივერპული", "ვილიარეალი" და "ბარსელონა" არიან. ყველაზე მეტი შეხვედრა მან "ლივერპულის" მაისურით ჩაატარა - 285.
"ვილიარეალთან" ერთად რეინამ ინტერტოტოს თასი (2003, 2004) ორჯერ მოიგო, "ლივერპულის" რიგებში უეფას სუპერთასს (2005), ინგლისის თასს (2006), ინგლისის სუპერთასს (2006) და ლიგის თასს (2012) დაეუფლა. "ნაპოლის" მაისურით პეპემ იტალიის თასი (2014) დაისაკუთრა, "ბაიერნის" რიგებში კი გერმანიის ჩემპიონი (2015) გახდა.