რიგით მე-11 — მანჩესტერ სიტის მფლობელები იტალიურ კლუბს ყიდულობენ

"მანჩესტერ სიტის" მფლობელი კომპანია, City Football Group-ი იტალიის სერია ბ-ს კლუბ "პალერმოს" შეიძენს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ჰოლდინგი 13 მილიონ ევროდ სიცილიელთა აქციების 80%-ს შეიძენს და შეთანხმებაში გარკვეული ბონუსებიც იქნება გათვალისწინებული, რომლებიც გუნდის შედეგებზეა დამოკიდებული.
გარიგება უახლოეს პერიოდში დაიხურება. სავარაუდოდ, "პალერმოს" შეძენას ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებენ.
ასე და ამგვარად, City Football Group-ი რიგით მე-11 კლუბს შეიძენს, მის მფლობელობაში უკვე არიან: "მანჩესტერ სიტი", "ლომელი", "ნიუ იორკ სიტი", "მელბურნ სიტი", "მონტევიდეო სიტი", "ჟირონა", "იოკოჰამა მარინოსი", "ტრუა", "მუმბაი სიტი" და "სიჩუან ცზიუნიუ". გარდა ამისა, ჰოლდინგს პარტნიორი კლუბიც ჰყავს - "ბოლივარი".