ავტორიზაცია

"ყველანი ვფიქრობდით, რომ რეალში გადმოვიდოდა", - მოდრიჩი მბაპეს პსჟ-ში დარჩენას გამოეხმაურა

"ყველანი ვფიქრობდით, რომ რეალში გადმოვიდოდა", - მოდრიჩი მბაპეს პსჟ-ში დარჩენას გამოეხმაურა
თარიღი 02 ივლ 2022, 20:32

"რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა თავდამსხმელ კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენში" დარჩენაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდულ გრანდში გადასვლაზე უარი თქვა და პარიზელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"მბაპემ ისე გადაწყვიტა, როგორც გადაწყვიტა, ეს მისი უფლებაა და ახლა ამ გადაწყვეტილებით ცხოვრობს. ცხოვრება გრძელდება", - აცხადებს ხორვატი.

"ყველანი ვფიქრობდით, რომ ჩვენთან გადმოვიდოდა, ეს არ მოხდა და ახლა რა? კარგი, ამ ადამიანს ჯვარს არ გავაკრავთ... მბაპე დიდი ფეხბურთელია, თუმცა, როგორც ყოველთვის, ვიმეორებ, ნებისმიერ კონტექსტში არცერთი ფეხბურთელი არ არის კლუბზე მნიშვნელოვანი. "რეალი" უდიდესი კლუბია, ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას და ყოველთვის ასე იქნება".

"სრულიად შესაძლებელია, მბაპე რამდენიმე წელიწადში გადმოვიდეს, სწორედ ასეთი ქიმია გვეჩვენება მასსა და "რეალს" შორის. თუ იმ საფეხბურთო ლოგიკას მივყვებით, რომელიც იქამდე არსებობდა, სანამ პარიზის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ზეწოლა წარმოიქმნებოდა, მბაპე, დიდი ალბათობით, "რეალში" თამაშის თაობაზე თავის დიდი ხნის სურვილს გაჰყვებოდა".

"ახლა კავშირები რაც არ უნდა გამქრალი ჩანდეს, შეიძლება ყველაფერი განმეორდეს", - დასძინა მოდრიჩმა.