ავტორიზაცია

დიბალას მსურველთა რიგი უდგას — თავად არგენტინელი უპირატესობას ორ კლუბს ანიჭებს

დიბალას მსურველთა რიგი უდგას — თავად არგენტინელი უპირატესობას ორ კლუბს ანიჭებს
თარიღი 03 Jul 2022, 21:17

"იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის, პაულო დიბალას ხელში ჩაგდებისთვის რამდენიმე კლუბი იბრძვის.

როგორც Corriere della Sera იტყობინება, არგენტინელით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა, "ნაპოლი", "მილანი", "მონცა" და "ინტერი" ინტერესდებიან.

ნეაპოლელებს ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ - მხარეებს შორის მხოლოდ არაოფიციალური კონტაქტი შედგა. "ნაპოლიმ" დიბალას წარმომადგენლებს აცნობა, რომ მზადაა კონტრაქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზოს, თუ "ინტერთან" მოლაპარაკებები გაიწელება.

მსგავს პოზიციას იკავებს "მილანიც". "როსონერის" პრიორიტეტი შემტევი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერებაა. პაოლო მალდინისა და ფრედერიკ მასარას დიბალა ესიმპათიურებათ, მაგრამ "მილანისთვის" ფეხბურთელის ასაკისა და მასში დახარჯული თანხის თანაფარდობა უმნიშვნელოვანესია.

დიბალა "მილანისთვის" ერთადერთი ვარიანტი არ არის. კლუბი მზადაა "სასუოლოს" დომენიკო ბერარდის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევრო გადაუხადოს. გარდა ამისა, "როსონერიში" "ბრიუგეს" 21 წლის ნახევარმცველ შარლ დე კეტელარეთი, "ჩელსის" გარემარბ ჰაკიმ ზიეჩითა და "სასუოლოს" ჰავბეკ ჰამედ ტრაორეთიც ინტერესდებიან.

დიბალასადმი ყურადღებას "მონცაც" იჩენს, მაგრამ პაულო უპირატესობას "ინტერსა" და "მილანს" ანიჭებს.

ბეპე მაროტას დიბალას აგენტთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ფეხბურთელს მოცდას სთხოვს, რადგან ამჟამად კლუბი ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობს - მილან შკრინიარის თაობაზე "პსჟ"-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ხოლო ანდრეა პინამონტის ტრანსფერზე "ატალანტასთან". გარდა ამისა, "ინტერის" რიგები შესაძლოა სტეფან დე ვრეიმ, არტურო ვიდალმა და ალექსის სანჩესმა დატოვონ. მაროტა იმევოვნებს, რომ "ნერაძური" დიბალას ივლისის შუა რიცხვებში გადაიბირებს.

"ინტერმა" დიბალას კონკრეტული წინადადებით უკვე მიმართა - 4-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 5 მილიონ ევროიანი ხელფასით. დამატებით 1 მილიონი არგენტინელმა შესაძლოა ბონუსის სახით მიიღოს.