ბარსელონა თუ ჩელსი — რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას კუნდე?
"სევილიას" ცენტრალურ მცველს, ჟიულ კუნდეს "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, მაგრამ არ აპირებს იქამდე ლოდინს, თუ როდის იქნება კატალონიური გრანდი წინადადების გასაკეთებლად მზად.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი წერს, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადაბარგებაში ეჭვი ეპარებოდა. მას "ბლაუგრანაში" არსებული გაურკვეველი ეკონომიკური და სპორტული ვითარება აფრთხობდა.
მიუხედავად ამისა, 23 წლის უკანახაზელი ახლა "ბარსას" ანიჭებს უპირატესობას.
როგორც აღინიშნება, ჟიული ლოდინს არ აპირებს. თუ მის ტრანსფერზე "სევილია" "ჩელსის" უფრო მალე შეუთანხმდება, მაშინ კუნდე ლონდონში გადავა.
იმის გათვალისწინებით, რომ მატეის დე ლიგტს "ბაიერნში" სურს თამაში, "იუვენტუსი" კალიდუ კულიბალის იწვევს, "პსჟ" კი მილან შკრინიარის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, "ჩელსის" კუნდეზე უწევს აქცენტის გამახვილება, რაც "ბარსასთვის" კარგი არ არის.
გასულ სეზონში ანდალუსიელთა მცველმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.