VIDEO: ბეილი, რომელსაც რეალში ენის არცოდნაში ადანაშაულებდნენ, ახალი გუნდის ფანებს ესპანურად მიესალმა
"რეალის" ყოფილი თავდამსხმელი, გარეტ ბეილი ლოს ანჯელესში ჩავიდა და გულშემატკივრებს მიესალმა.
ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ლოს ანჯელესთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თანამშრომლობის კიდევ 18 თვით გაგრძელების შესაძლებლობით, სამხრეთ კალიფორნიის ქალაქში ჩავიდა და თავისი ახალი კლუბის ფანებს ესპანურ ენაზე მისალმა.
მოგეხსენებათ, "რეალში" ასპარეზობის დროს ბეილს რეგულარულად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ესპანურად ვერ ლაპარაკობდა, მიუხედავად მადრიდში გატარებული 9 წლისა.
მაგალითად, 2019 წელს "სამეფო კლუბის" აწ უკვე ექს-მცველმა, მარსელომ თქვა: "ბეილი ესპანურად ვერ ლაპარაკობს. ჟესტების დახმარებით ვკონტაქტობთ".
გუშინ ბეილი "ლოს ანჯელესსა" და "ლოს ანჯელეს გელექსის" (3:2) შორის გამართულ დერბის მაყურებლის რანგში დაესწრო. მატჩის შემდეგ იგი მოედანზე შევიდა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება აღნიშნა.