"მამაცი გუნდი გვყავს", - ტენ ჰაგმა განმარტა, თუ როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მანჩესტერ იუნაიტედმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი წინასასეზონო მზადების პირველი დღეების შემდეგ თავისი შეგირდებით კმაყოფილია.
"რა თქმა უნდა, მინდა გუნდს ენერგია მივცე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელები ძალიან კარგად მუშაობენ. ბოლომდე კონცენტრირებულები არიან და ერთმანეთს აძლიერებენ. როგორც ხედავთ, ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას იღებენ. ერთად ასპარეზობა სიამოვნებთ და თავდაუზოგავად მუშაობენ".
"უნდა შევისწავლო, გავეცნო შემადგენლობას, პერსონალს, ფეხბურთელებს. ვფიქრობ, ეს ტურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ორი კვირა გვაქვს ერთმანეთთან ახლოს ყოფნისთვის და მუშაობისთვის. უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს - მე მათი უკეთ გაცნობა მსურს, მათ კი ჩემი და ჩემი დამხმარეების".
"პროაქტიური ფეხბურთის ჩვენება გვინდა - ბურთით და მის გარეშე. ჩვენი მიზანი ეს არის. შტაბი ფეხბურთელებს უხსნის, რომ ყველა სიტუაციაში პროაქტიურად მოქმედებაა საჭირო".
"მამაცი გუნდი გვყავს. ბურთის ფლობა, ერთმანეთისთვის სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება გვსურს. იგივე ეხება უბურთოდ მუშაობასაც - კარგი პრესინგის ჩვენება გვინდა", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს "ემიუს" ოფიციალური საიტი.