გაირკვა, თუ რა შემთხვევაში შეძლებს ბარსელონა ბერნარდუს ტრანსფერის გაჩარხვას
"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას აგენტი თავისი კლიენტის "ბარსელონაში" გადასვლაზე მუშაობს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, 4 ივლისს კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჟორჟე მენდეში ვახშამზე მიიწვია და შეხვედრის დიდი ნაწილი პორტუგალიელის შესაძლო ტრანსფერზე საუბარს დაეთმო.
"ბლაუგრანა" "ქალაქელთა" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გადაბირებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ფრენკი დე იონგს გაყიდის. თუმცა, რადგანაც "სიტი" დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსას" შესაბამისი გეგმის შემუშავება მოუწევს. სწორედ ეს თემა იქნა განხილული მენდეშთან.
გარდა ამისა, მხარეებმა იმის შესახებაც ისაუბრეს, რომ სილვას ხელფასი "ბარსელონას" მიერ დაწესებული ლიმიტის ფარგლებში უნდა იყოს.
მოგეხსენებათ, ბერნარდუს "სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონს შეადგენს.