ავტორიზაცია

სუპერტრანსფერის მოლოდინში — ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო

სუპერტრანსფერის მოლოდინში — ბაიერნმა ლევანდოვსკის შემცვლელს პრემიერ ლიგაში მიაგნო
თარიღი 10 ივლ 2022, 22:41

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა შესაძლოა ლონდონური კლუბი დატოვოს და კარიერა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი გამოცემა Kicker-ი იტყობინება, ინგლისელის შეძენის ვარიანტს "ბაიერნი" განიხილავს. მიუნხენელები რობერტ ლევანდოვსკის წასვლას არ გამორიცხავენ და მისი შემცვლელის ძიებაში არიან.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელმა სუპერვარსკვლავმა "რეკორდმაისტერის" დატოვების სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა, თანაც საჯაროდ. მისი გადაბირების მთავარი ფავორიტი კატალონიის "ბარსელონაა".

თავის მხრივ, "დეზების" ლიდერის კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი და ამ ზაფხულს მისი შეძენა ძალიან რთული იქნება. 28 წლის ფორვარდი ერთ წელიწადში უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

გასულ სეზონში კეინმა ყველა ტურნირზე ერთად "ტოტენჰემის" ღირსება 50 მატჩში დაიცვა, 27 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასიც მიითვალა.