ავტორიზაცია

შანსები ჯერ კიდევ არსებობს — დე იონგი მზადაა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს, თუმცა ერთი პირობით

შანსები ჯერ კიდევ არსებობს — დე იონგი მზადაა მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს, თუმცა ერთი პირობით
თარიღი 11 Jul 2022, 19:25

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის ხელში ჩაგდების იმედი აქვს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ინგლისური გრანდი დაარწმუნეს, რომ ჰოლანდიელი მათ რიგებში გადასვლაზე თანხმობას იმ შემთხვევაში განაცხადებს, თუ "ბლაუგრანა" ვალს გადაუხდის - საუბარია 20 მილიონ ევროზე.

დე იონგმა "ბარსასთან" ერთად ვარჯიში დღეს უნდა განაახლოს. მიუხედავად ამისა, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს განუცხადეს, ჯერ კიდევ შესაძლებელია ფრენკის ხელში ჩაგდება. წყაროების ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი ტრანსფერის წინააღმდეგი რომ იყოს, მოლაპარაკებები ამდენხანს არ გაგრძელდებოდა.

კლუბები 85 მილიონზე უკვე შეთანხმდნენ, საიდანაც 20 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული. საქმის ბოლომდე მიყვანა გადახდების დაგვიანებისა და ვადებზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო ფერხდება.

"ეშმაკუნების" მთავარ მწვრთნელს, ტენ ჰაგს ძალიან უნდა დე იონგის თავისი გუნდის რიგებში ხილვა, ვისთან ერთადაც "აიაქსში" მუშაობდა. იუწყებიან, რომ ყოველი შემთხვევისთვის, "ემიუს" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების ალტერნატიული ვარიანტებიც აქვს.

ჯერჯერობით, ამ ზაფხულს "იუნაიტედის" ერთადერთი ახალწვეული ტირელ მალასიაა, მაგრამ კვირის ბოლოს კრისტიან ერიქსენის ტრანსფერის დახურვასაც ელიან. დანიელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. იგი ახალ გუნდს წინასასეზონო ტურის მეორე მატჩისთვის შეუერთდება თუ სამედიცინო შემოწმების გავლისას არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.