ავტორიზაცია

"ადამიანებმა სიკვდილის შიში დაკარგეს, არაფერს აღარ სცემენ პატივს", - დანი ალვეში გულდაწყვეტილია

"ადამიანებმა სიკვდილის შიში დაკარგეს, არაფერს აღარ სცემენ პატივს", - დანი ალვეში გულდაწყვეტილია
თარიღი 11 Jul 2022, 20:20

კატალონიის "ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი, დანი ალვეში მსოფლიოში შექმნილი სიტუაციით იმედგაცრუებულია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემიამ ცხოვრებისადმი ადამიანების დამოკიდებულება ვერ შეცვალა.

"ადამიანებმა სიკვდილის შიში დაკარგეს, არაფერს აღარ სცემენ პატივს. არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ... ბევრი რაღაცის შეცვლას ვისურვებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. პანდემია სრულდება - ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ უკრაინაში მთელი ეს მოვლენები დაიწყო".

"ხალხი არ შეცვლილა. ისინი აგრძელებენ ბრძოლას ძალაუფლებისთვის, ერთმანეთისადმი უპატივცემულობა გაიზარდა. ისინი, ვინც ცხოვრებაში სულელურად იქცევიან, ამას ყველაზე მეტად ინტერნეტსივრცეში აკეთებენ, რადგან იქ ჰყავთ აუდიტორია", - თქვა ალვეშმა The Guardian-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, 39 წლის სამხრეთამერიკელს ამ ზაფხულს "ბარსელონასთან" კონტრაქტი ამოეწურა, კატალონია თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამჟამად უკლუბოდაა.