ბაიერნის ხელმძღვანელობამ ჩელსის უპამეკანოს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე პასუხი შეუთვალა
"ბაიერნის" ცენტრალური მცველი, დაიოტ უპამეკანო მიუნხენურ გრანდში ასპარეზობას გააგრძელებს.
როგორც Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, მიუნხენელები ამ ზაფხულს 23 წლის ფრანგს არ გაყიდიან.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უპამეკანოსადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" იჩენს, რომელსაც დაცვის ხაზის ცენტრის გაძლიერება უნდა და "რეკორდმაისტერის" უკანახაზელის გადაბირების ვარიანტს მატეის დე ლიგტის ("იუვენტუსი") ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში განიხილავს.
მოგეხსენებათ, დაიოტი "ბაიერნმა" გასულ ზაფხულს "ლაიფციგიდან" 42,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა და მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
2021/22 წლების სეზონში უპამეკანომ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.