ვინ შეცვლის დე ლიგტს? — იუვენტუსის ბოსების სიაში რამდენიმე ცენტრალური მცველია
"არსენალის" ცენტრალური მცველი, გაბრიელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს, წერენ იტალიურ მედიაში.
მოგეხსენებათ, ტურინული გრანდი "ბაიერნთან" მატეის დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. "ბიანკონერი" მზად არის ჰოლანდიელი უკანახაზელი 90 მილიონ ევროდ გაუშვას, საიდანაც 10 მილიონი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში, თუ დე ლიგტის ტრანსფერი დაიხურება, "ბიანკონერის" დაცვის ხაზის ცენტრის გასაძლიერებლად ახალი მოთამაშის დამატება დასჭირდება.
პრეტენდენტთა შორისაა კალიდუ კულიბალი. "ნაპოლიმ" სენეგალელს კონტრაქტის გახანგრძლივება და შესთავაზა და მზადაა სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო უხადოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კულიბალი ახალ ხელშეკრულებაზე უარს იტყვის, "იუვენტუსთან" მოლაპარაკება მაინც რთული იქნება.
"ტორინოს" მცველი, გლეისონ ბრემერი, დიდი ალბათობით, "ინტერში" გადავა და არა "ბიანკონერიში".
შექმნილ ვითარებაში "იუვენტუსის" ბოსებმა გაბრიელის პოტენციურ ტრანსფერზე გაამახვილეს ყურადღება. გარდა ამისა, შორტ ლისტში არიან ბენუა ბადიაშილე ("მონაკო") და ნიკოლა მილენკოვიჩი ("ფიორენტინა"). ეს უკანასკნელი ამ დროისთვის დე ლიგტის შემცვლელად არ განიხილება. მილენკოვიჩი "ინტერის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეცაა.
თავის მხრივ, "არსენალს" გაბრიელის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევროს მიღება სურს. "იუვე" დარწმუნებულია, რომ "მეთოფეებს" ფასის დაკლებაზე შეუთანხმდება. ტურინული გრანდი დე ლიგტის სანაცვლოდ მიღებულ თანხას ახალი ცენტრალური მცველისა და "რომას" შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერებს მოახმარს.