მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა შეთანხმებულები არიან, მაგრამ დე იონგი კვლავ უარზეა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბარსელონამ" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის 85 მილიონ ევროიანი ტრანსფერი შეათანხმეს.
როგორც ორიოლ დომენეკმა Esport3-ზე გადაცემა Onze-ში განაცხადა, კლუბებმა 25 წლის ჰოლანდიელის ფასზე კომპრომისს მიაღწიეს.
ესპანელ ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია, ბონუსების სახით რა თანხაა გათვალისწინებული. აქამდე 65+20 მილიონის ვარიანტზე დაიწერა.
თავის მხრივ, დე იონგს წასვლა მაინც არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ "ეშმაკუნებს" ერიკ ტენ ჰაგი წვრთნით, ვისთან ერთადაც იგი "აიაქსში" მუშაობდა.
კლუბებს ფეხბურთელის დათანხმების იმედი აქვთ. კლუბების ხელმძღვანელები ერთმანეთს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ. "ემიუსთვის" დე იონგი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მთავარი სამიზნეა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკი მზადაა ინგლისურ გრანდში გადავიდეს, თუ "ბარსა" ვალს გადაუხდის, რომელიც 20 მილიონს შეადგენს.