რონალდუს აგენტმა პსჟ-ს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შეძენა შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა
"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენით დაინტერესებული არ არის.
როგორც გავლენიანი გამოცემა AS-ი Le Parisien-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, "ეშმაკუნების" ფორვარდის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა პარიზულ კლუბს პორტუგალიელის დამატება შესთავაზა.
მიუხედავად ამისა, "პსჟ"-ს ბოსებმა 37 წლის სუპერვარსკვლავის წარმომადგენელს უპასუხეს, რომ ამ დროისთვის რონალდუს ტრანსფერი კლუბის გეგმებში არ შედის.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა უნდა, რადგან მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, მანიკუნიანელები კი მომავალ სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებენ.
ცნობისთვის, რონალდუმ 2021/22 წლების სეზონში "ეშმაკუნების" ღირსება 37 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.