ბარსა კუნდეს შეუთანხმდა — სევილია ფასის დასაკლებად ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას ითხოვს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "სევილიას" მცველის, ჟიულ კუნდეს ხელში ჩაგდება უნდა.
როგორც ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო იტყობინება, კატალონიურმა გრანდმა 23 წლის ფრანგ უკანახაზელთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" გადასვლა უნდა - ამ კლუბის დიდი თაყვანისმცემელია და შეიძლება ამან ხელშეკრულებაზე კომპრომისის მიღწევისას გადამწყვეტი როლი ითამაშა.
თავის მხრივ, "სევილია" მზადაა კუნდეს ფასი დააკლოს, თუ "ბარსა" ტრანსფერში თავის ერთ-ერთ ფეხბურთელს ჩართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიურ კლუბს ჟიულის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება უნდა, "ბარსა" კი ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არის.
გასულ სეზონში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ყველა ტურნირზე ერთად "სევილიას" ღირსება 44 მატჩში დაიცვა.